← ბლოგზე დაბრუნება

ოტცი და ტყის პირველადი დახმარების ჩანთა

Secta · 17 ნოემბერი, 2026 · 5 min read

ოტცი და ტყის პირველადი დახმარების ჩანთა

ყინულში შენახული საიდუმლო

1991 წელს ალპებში, ავსტრიისა და იტალიის საზღვართან, ალპინისტებმა მყინვარში უჩვეულო აღმოჩენა გააკეთეს - ადამიანის სხეული, რომელიც დაახლოებით 5300 წელი იწვა ყინულში და შესანიშნავად იყო შემონახული. მას ოტცი დაარქვეს.

ოტცის ნივთები ტყის მასალებით იყო გაკეთებული - მშვილდი ურთხლის ხისგან ჰქონდა გამოთლილი, ხანჯლის ტარი იფნისგან, მოსასხამი ბალახისა და ცაცხვის ყვავილებისგან, ფეხსაცმელი ირმის ტყავისგან, ქუდი დათვის ტყავისგან. ჰქონდა სპილენძის ცული.

მას როგორც ჩანს, ისარი მოხვდა მხარში და ასე დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ მკვლევარებს ყველაზე მეტად მისმა ჩანთამ დააინტერესათ, რადგან მასში ორი სოკო იდო.

ორი სოკო, ორი დანიშნულება

პირველი სოკო ცეცხლისთვის იყო. ოტცის პატარა ჩანთაში თექის მსგავსი შავი მასა იდო, რომელიც მკვლევრებმა დაადგინეს, რომ აბედა სოკოსგან (Fomes fomentarius) იყო გაკეთებული. ამ სოკოს გამომშრალი ნაჭერი ადვილად ალდება და ცოტა სითბოზეც კი დიდხანს ბჟუტავს. ამიტომ ძველად მას ცეცხლის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასატანად იყენებდნენ. ოტცის ჩანთაში კაჟის პატარა ქვებიც იდო, ეს კი ნიშნავს, რომ ცეცხლი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მეორე სოკო უფრო იდუმალი იყო. ოტცის ტყავის თოკზე მიმაგრებული ჰქონდა არყის ხის სოკოს (Fomitopsis betulina) ნაჭრები. .მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს ნაჭრები პრაქტიკული დანიშნულებისა იყო: სავარაუდოთ სამკურნალო მიზნებით, ან დანის გასალესად.

იყო თუ არა ეს ტყის მედიცინა?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს, მაგრამ ვარაუდი საკმაოდ საინტერესოა. ოტცის ორგანიზმში ნაწლავის პარაზიტები აღმოაჩინეს და არყის სოკო ძველ ევროპულ ხალხურ მედიცინაში ცნობილი იყო: მას ტკივილის შესამსუბუქებლად, ჭრილობების შესახვევად და როგორც ანტისეპტიკს იყენებდნენ. ამიტომ ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ ოტცის ჩანთა ცეცხლის ყუთს კი არა, პატარა სამკურნალო ჩანთას უფრო ჰგავს. სოკოში არსებული ზოგი ნივთიერება ბაქტერიების წინააღმდეგ მოქმედებს. მაგალითად, პიპტამინი სოკოს საკუთარი დამცავი საშუალებაა ბაქტერიების წინააღმდეგ. ასევე შეიცავს ბეტა-გლუკანებს, რომელთაგან ერთ-ერთმა ლაბორატორიულ კვლევაში უჯრედების ჭრილობისკენ გადაადგილება დააჩქარა. გულწრფელად რომ ვთქვათ: დაზუსტებით ვერასოდეს გავიგებთ, ოტცი ამ სოკოს სამკურნალოდ იყენებდა თუ არა, მაგრამ სამაგიეროდ ვიცით, რომ მისი ტრადიციული გამოყენება რეალურ ბიოლოგიურ თვისებებს ეფუძნება.

ტყის ძველი ცოდნა დღეს

ეს ისტორია ლამაზად აჩვენებს, რომ ტრადიციულ ცოდნას ხშირად რეალური საფუძველი აქვს. აბედა სოკოს, ოტცის პირველ სოკოს, ძველად ბევრნაირად იყენებდნენ. ძველი ბერძენი ექიმი ჰიპოკრატე მას ჭრილობების დასამუშავებლად იყენებდა. მოგვიანებით ქირურგები და დანტისტები სისხლდენის შესაჩერებლად იყენებდნენ. ზოგი გამოყენება კი სრულიად მოულოდნელია:

• დასავლეთ ციმბირსა და იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე სოკოს ღამით წვავდნენ ბოროტი სულების განდევნისთვის.

• სოკოს ჩაქუჩით აბრტყელებდნენ და ქუდებსა და გულ-მკერდის დამცავებს ამზადებდნენ.

• მას ნემსებისა და ქინძისთავების ბალიშად იყენებდნენ, რომ არ დაჟანგებულიყვნენ.

• დღემდე იყენებენ მეთევზეები (ე.წ. „ამადუ“) - თევზის სატყუარადან ზედმეტ წყალს იწოვს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ასეთი ტრადიციები ხშირად იმის მიმანიშნებელია თუ სად ღირს ძიება.. ამავე დროს მსოფლიო ბოტანიკური ორგანიზაცია (Kew) აღნიშნავს, რომ ჩვენ სოკოების უზარმაზარ მრავალფეროვნებას ჯერ ძალიან მცირედ ვიცნობთ. ხუთ ათასზე მეტი წლის წინ ადამიანი ტყეში სოკოს ჩანთით ატარებდა და დღესაც ჩვენ ისევ ვუსმენთ ტყის ძველ ცოდნას.

წყაროები

• Rowena Hill, Nature's first aid kit: A fungus growing on the side of birch trees, The Conversation, 2019

• Woodlands.co.uk, Neolithic mushrooms, 2019

• Tom Volk, Fomes fomentarius, the tinder polypore, University of Wisconsin-La Crosse, 2001

ტექსტი დაწერილია ამ წყაროების საფუძველზე ჩვენი სიტყვებით. ეს ისტორიული და პოპულარულ-მეცნიერული მიმოხილვაა და არა სამკურნალო რჩევა.

გააზიარეთ სტატია

მიიღეთ 10%-იანი ფასდაკლება პირველ შეკვეთაზე

გამოიწერეთ და მიიღეთ ექსკლუზიური სიახლეები, ინფორმაცია ახალი პროდუქტების შესახებ და სპეციალური ფასდაკლებები.

  • მეგობრული მხარდაჭერა