ერთი ძალიან გაბედული იდეა
1992 წელს ამერიკელმა ეთნობოტანიკოსმა და მისტიკოსმა ტერენს მაკკენამ წიგნი „ღმერთების საჭმელი“ (Food of the Gods) გამოსცა. მასში ერთი ისეთი იდეა იყო, რომ დღემდე კამათობენ: შესაძლოა, ადამიანის გონება ნაწილობრივ სოკომ შეგვიქმნა.
მაკკენას აზრით, ჩვენმა უძველესმა წინაპრებმა, Homo erectus-მა, ერთ დღეს გარკვეული სოკოები (მათ შორის ფსილოციბინიანი) დააგემოვნეს, და ამან ენის, ხელოვნებისა და წარმოსახვის განვითარებას ბიძგი მისცა. ამ იდეას ხუმრობით „დაბოლილი მაიმუნის თეორიას“ ეძახიან. თვით მაკკენას ეს სახელი არ მოსწონდა და მისი ძმა დენისიც მიიჩნევდა, რომ ის იდეას ამარტივებს.

ამბავი ასეთია. აფრიკაში ჰავა იცვლება, ტყეები მცირდება და წინაპრები საკვების საძებნელად ახალ ადგილებში მიდიან. გზად ისინი მსხვილფეხა საქონლის ჯოგს მისდევენ, რადგან ნაკელზე მწერები ეხვევა, მწერი კი შეჭმადია.
და სწორედ ამ ნაკელში, მაკკენას თქმით, ხშირად ამოდის ფსილოციბინიანი სოკო, Psilocybe cubensis. წარმოიდგინეთ ასეთი სცენა: მშიერი წინაპარი მწერს ეძებს და თვალს ერთი უცნაური სოკო ხვდება. აქედან მაკკენას ფანტაზია გაჩაღდება.
სწორედ აქედან იწყება „დაბოლილი მაიმუნის“ ისტორია.

მაკკენას თქმით, სოკო ჩვენს წინაპრებს სამ საჩუქარს უკეთებდა:
• უფრო მკვეთრი თვალი. ის ამბობდა, რომ ძალიან მცირე ოდენობით სოკო ხედვას, კონტურებისა და საგნების ჩამოყალიბებას აუმჯობესებდა. ეს მონადირე წინაპარს კარგად გამოადგებოდა და მისი შთამომავლობაც გამრავლდებოდა.
• უფრო მჭიდრო საზოგადოება. უფრო დიდი ოდენობით, მისი აზრით, ადამიანებს შორის საზღვრები სუსტდებოდა: იზრდებოდა თანამშრომლობა და ტომის სოლიდარობა.
• ენა, წარმოსახვა და რელიგია. მაკკენა ამბობდა რომ კიდევ უფრო მეტი ოდენობით ეს სოკო ჰალუცინაციებს გამოიწვევდა - შედეგად კი ხილვები და ხმები იმ ენის ნედლეულად იქცეოდა, რომელიც ადამიანს გახდის ადამიანად.

რას ამბობენ თეორიის მომხრეები
ხუმრობის გარეშე, იდეას მომხრეებიც ჰყავს. მათ შორის არიან მაკკენას ძმა დენისი და მიკოლოგი პოლ სტამეტსი. მათი არგუმენტები ასეთია:
• დროსა და ადგილის დამთხვევა. დენის მაკკენას თქმით, ტვინი დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ სწრაფად გაიზარდა, ამავე პერიოდში კი აფრიკაში არსებობდა ეკოსისტემები, სადაც ადამიანის წინაპრები, მსხვილფეხა საქონელი და სოკო ერთმანეთს შეხვდებოდნენ. ახალი კლიმატური მონაცემებით, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის დიდი ნაწილი მაშინ დღევანდელზე უფრო ნოტიო იყო და დიდ ჯოგებს გამოკვებავდა.
• ტვინის მოქნილობა. ფსილოციბინი, როგორც ითვლება, ნეიროპლასტიკურობას ზრდის: ტვინის ჩამოყალიბებულ გზებს „ათავისუფლებს“. მომხრეების აზრით, სწორედ ასეთი ბიძგი შეიძლებოდა დახმარებოდა წინაპრებს ახალი სახის აზროვნებაში.
• ცვლილებები გენების გარეშეც. ეპიგენეტიკა გვიჩვენებს, რომ გარკვეული ცვლილებები შეიძლება გენების შეცვლის გარეშეც გადაეცეს. მომხრეები ამბობენ, რომ ასე სწრაფი ცვლილებები უფრო ადვილად ახსნადია.
• რატომ არ ჩანს საბუთი? დენის მაკკენა ამბობს, რომ არ უნდა ველოდოთ ნამარხს, სადაც წინაპარს სოკო ყბებში უჭირავს: რბილი ქსოვილები თითქმის არ ინახება.
• კლდის ნახატები. მომხრეები იტალიის ალპებისა და ესპანეთის, ვილარ დელ უმოს, ნახატებზე მიუთითებენ, რომლებიც სოკოს მოგვაგონებს.

მისტიკის ქიმია. ერთი იდეის მიხედვით, სოკოს შესაძლოა პირველი „მისტიკური“ გამოცდილებები გაეჩინა: ეგოს განცდის შესუსტება, ტომთან და ბუნებასთან ერთიანობის განცდა და „სხვა სამყაროს“ ხილვები. იქნებ სწორედ ეს იყო მიზეზი რამაც რაღაც მომენტში რადიკალურად შეცვალა ჩვენი წინაპარი და ფრაქტალურად ახალ საფეხურზე გადაგვიყვანა რომელიც ასე გამოგვარჩევს ბუნების სხვა ყველა კომპონენტებისგან?
2017 წელს მიკოლოგმა პოლ სტამეტსმა კონფერენციაზე ეს იდეა „ძალიან დამაჯერებელ ჰიპოთეზად“ გამოაცხადა, და დარბაზმა ტაში დაუკრა. მეცნიერთა უმეტესობა კი კვლავ ამბობს, რომ ეს ლამაზი ამბავია და არა დამტკიცებული ფაქტი.
ა, და ბოლოს: ეს ტექსტი იდეის ისტორიაა და არა რეკომენდაცია. ფსილოციბინიანი სოკოების შეგროვება, მოყვანა ან გამოყენება ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, ხოლო ზემოქმედება არაპროგნოზირებადია.
წყაროები
• Stoned ape theory, Wikipedia
• What is the stoned ape hypothesis?, HowStuffWorks
• Sarah Sloat, The 'Stoned Ape' Theory Might Explain Our Extraordinary Evolution, Inverse
• Stoned Ape Theory: Could Psychedelics Have Shaped Human Evolution?, Discovery UK
• The stoned ape theory, ZME Science
• Is there evidence that magic mushrooms played a role in human evolution?, Big Think
• Mattha Busby, New Science Revives Terence McKenna's Stoned Ape Theory, DoubleBlind
• The Stoned Ape Hypothesis: Psilocybin and the Origins of Human Consciousness, McKenna Academy
• The Stoned Ape Theory Revisited, Psychology Today
ტექსტი დაწერილია ამ წყაროების საფუძველზე ჩვენი სიტყვებით. ეს პოპულარულ-მეცნიერული მიმოხილვაა და არა მოხმარების გზამკვლევი.
