უფასო მიწოდება ₾99-ზე მეტი ღირებულების შეკვეთაზე
← ბლოგზე დაბრუნება

Universe 25 - იდეალური საზოგადოების ბნელი მხარე

secta · 23 ნოემბერი, 2026 · 5 min read

Universe 25 - იდეალური საზოგადოების ბნელი მხარე

თაგვებისთვის აშენებული სამოთხე

წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ყველაფერი გაქვთ: საკვები არასოდეს მთავრდება, წყალი ყოველთვის ახლოსაა, ტემპერატურა იდეალურია, მტაცებლები არ არსებობენ, და ავადმყოფობაც კი არავის ემუქრება. სწორედ ასეთი სამოთხე ააგო თაგვებისთვის - ბიოლოგმა ჯონ კალჰუნმა 1968 წლის ივლისში.

ოფიციალურად კოლონიას „თაგვების სიკვდილიანობის შემაფერხებელი გარემო“ ერქვა, არაოფიციალურად კი „თაგვების სამოთხე“. ექსპერიმენტს ნომერიც ჰქონდა 25, ამიტომ დღეს მას Universe 25 ეძახიან. კალჰუნმა ამ კუბისებურ სივრცეში (დაახლოებით 1,4 x 1,4 მეტრზე) რვა თეთრი თაგვი შეუშვა: ოთხი ძუ და ოთხი ხვადი. ექსპერიმენტი ამერიკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში მიმდინარეობდა.

პირველი თვეები: ყველაფერი ძალიან კარგად მიდის

თავიდან თაგვებს ცოტა დრო სჭირდებოდათ, რომ ახალ სამყაროსთვის შეეგუებოდნენ. მაგრამ შემდეგ ყველაფერი უკეთესად წავიდა, ვიდრე ვინმეს შეეძლო ეფიქრა. პირველი ბარტყები სამნახევარი თვის შემდეგ დაიბადნენ, და კოლონია სწრაფად გაიზარდა: პოპულაცია ყოველ 55 დღეში ორმაგდებოდა.

სამოთხეში ბარტყები თითქმის არ იღუპებოდნენ.

ბუნებაში მტაცებლები, დაავადებები და სიცივე ბარტყების დიდ ნაწილს გაანადგურებდა, აქ კი არავინ კვდებოდა. დაახლოებით 560-ე დღეს პოპულაციამ პიკს მიაღწია: დაახლოებით 2 200 თაგვი. ბუდეები კი დაახლოებით 3 800 თაგვისთვის იყო გათვლილი, ანუ ადგილი ჯერ კიდევ იყო. მაგრამ სწორედ აქ დაიწყო რაღაც უცნაური.

როცა სამოთხეში ადგილი ამოიწურა

ფიზიკურად ადგილი არ გაუთავდათ, მაგრამ სოციალური ადგილები შეივსო. თაგვებს აქვთ წესები: ძლიერები ტერიტორიას იკავებენ, სუსტები კი ჩვეულებრივ სხვაგან მიდიან და ახალ ადგილს ეძებენ. აქ წასასვლელი აღარსად იყო. დამარცხებულები ისევ იქვე რჩებოდნენ, ხოლო ზოგიერთი ძლიერი ხვადი რამოდენიმე ბუდეს ერთდროულად იცავდა და სხვებს არ უშვებდა.

მთელი სისტემა დაიშალა. ძუები, რომლებსაც ბარტყებზე უნდა ეზრუნათ, საქმეს ივიწყებდნენ: ჩამოაგდებდნენ, დატოვებდნენ ან ნაწილს სხვაგან გადაიტანდნენ და დანარჩენს დაივიწყებდნენ. ზოგი ძუ მარტოობაში ჩაიკეტა და ცარიელ ბუდეებში განდეგილივით ცხოვრობდა. ზოგ ხვადს ზედმეტი აგრესია აღმოაჩნდა, ზოგიც პირიქით, ბრძოლას თავს არიდებდა.

ბარტყების დაღუპვა მკვეთრად გაიზარდა. სამოთხემ, რომელსაც სიკვდილიანობა უნდა შეეფერხებინა, ახალი სიცოცხლის შენარჩუნება ვეღარ შეძლო.

„ლამაზი თაგვები“

ამ ამბის ყველაზე უცნაური გმირები კალჰუნმა თვითონ დაასახელა: „ლამაზი თაგვები“ (the beautiful ones). ეს ხვადები არ იბრძოდნენ, არ ეძებდნენ ძუებს და არც ბუდეს იცავდნენ. მათი ერთადერთი საქმე თავის მოვლა იყო: საათობით იფხანდნენ და იწმენდდნენ ბეწვს. გარეგნულად ისინი უნაკლო იყვნენ: გლუვი, ბრწყინვალე ბეწვი, ნაიარევის გარეშე. მაგრამ გამრავლებისა და სოციუმისადმი ინტერესი არ ჰქონდათ. ერთი სიტყვით, ლამაზები, მარტოხელები და სრულიად თავისუფალნი.

სამოთხეს შინაგანად რაღაც აკლდა, და ეს „ლამაზი“ ხვადები სწორედ ამის სიმბოლოდ დარჩა.

დასასრული

დაახლოებით 600 დღის შემდეგ შობადობა საერთოდ შეწყდა. უფროსი თაგვები კიდევ ცოტა ხანს ცოცხლობდნენ, განდეგილებივით ან გაუთავებლად იწმენდდნენ თავს, და ბოლოს გადაშენდნენ. 1972-1973 წლებისთვის კოლონიაში აღარცერთი თაგვი აღარ იყო. ასე გაქრა სამოთხე, სადაც ყველაფერი იყო.

ეს ექსპერიმენტი შემდეგაც რამოდენიმეჯერ ჩატარდა, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთიდაიგივე დგებოდა.

კალჰუნი ამ ამბავში ცხადად ხედავდა ადამიანებსაც. ის წერდა, რომ ლაპარაკობს თაგვებზე, მაგრამ ფიქრობს ადამიანზე. 1968 წელს, ზუსტად იმ დროს, როცა ექსპერიმენტი დაიწყო, გამოვიდა წიგნი „პოპულაციური ბომბი“, რომელიც გადამეტებული მოსახლეობის შიშს ავრცელებდა. Universe 25 სწრაფად გახდა ამ შიშის სიმბოლო.

დღეს ამ ექსპერიმენტს სხვადასხვანაირად კითხულობენ. ზოგისთვის ეს გადატვირთული ქალაქების გაფრთხილებაა, ზოგისთვის დაბალი შობადობის მეტაფორა, ზოგისთვის კი ზედმეტი კეთილდღეობის გამოხატულება, რომელიც ადამიანს გამოწვევას ართმევს. ზოგი სულ სხვა ახსნას გვთავაზობს: პრობლემა არა სიმრავლეში, არამედ განაწილებაში იყო. აგრესიულმა ხვადებმა ბევრი ბუდე „დაიკავეს“ და დანარჩენი სივრცე გადატვირთული დარჩა.

ბუნებაში არაფერი არსებობს უფუნქციოდ. მტაცებელი ნადირის რაოდენობას არეგულირებს, ზამთარი ამოწმებს სიცოცხლის ძალას, შიმშილი კი ზრდის და აძლიერებს. ჩვენ ამ ყველაფერს ხშირად ცუდათ აღვიქვამთ, მაგრამ სინამდვილეში ისინი სისტემის რეგულატორებია.

როცა საჭირო აღარაა ბრძოლა, ძებნა და დაცვა, ქრება მიზანი. როცა ყველას ყველაფერი აქვს, ქრება ადგილიც: ვინ ხარ, რას აკეთებ და ვისთვის.

ბუნება კომფორტს არ ქმნის, ის ბალანსებს ქმნის, და ეს ორი ერთი და იგივე არ არის. ბალანსი მოძრავია: ის ყოველთვის გვაიძულებს, რომ ვიმოძრაოთ, ვეძებოთ და კონკურენცია მივიღოთ. ალბათ სწორედ ამიტომ დარჩა კალჰუნის სამოთხე, თავისი სრულყოფილი პირობებით, ისეთ ადგილად, სადაც ბუნებამ სიცოცხლე აღარ გააგრძელა.

ა, და ბოლოს: Universe 25 გასართობი და ფიქრის გამომწვევი ისტორიაა, მაგრამ ის მხოლოდ მეტაფორაა და ადამიანებზე პირდაპირ გადატანისთვის საკმარისი საფუძველი არ არის.

წყაროები

• Mouse Heaven or Mouse Hell?, Distillations

• This Old Experiment With Mice Led to Bleak Predictions for Humanity's Future, Smithsonian Magazine

• Behavioral sink, Wikipedia

• Universe 25 Experiment, The Scientist

• Mouse Utopia, Gwern

გააზიარეთ სტატია

მიიღეთ 10%-იანი ფასდაკლება პირველ შეკვეთაზე

გამოიწერეთ და მიიღეთ ექსკლუზიური სიახლეები, ინფორმაცია ახალი პროდუქტების შესახებ და სპეციალური ფასდაკლებები.

  • მეგობრული მხარდაჭერა